
2011-2012 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტისა და გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტების ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსახლეობაში სკოლამდელი განათლების საფეხურზე ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები:
- ეთნიკურ უმცირესობებში სკოლამდელი განათლების საფეხურზე ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობისა და ბავშვთა სასკოლო მზაობის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს: მასწავლებლის წიგნს, ბავშვის სამუშაო რვეულს (267 სამუშაო ფურცელი), ბავშვის წიგნს (48 ფერადი თემატური ილუსტრაცია);
- 2011-2012 წლებში განხორციელდა პროგრამის პილოტირება ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტის (ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, დმანისი, ბოლნისი, მარნეული) ეთნიკური უმცირესობების სკოლამდელი განათლების 8 ცენტრში. პილოტირების დაწყებამდე ცენტრები აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარითა და საგანმანათლებლო რესურსებით;
- პილოტირებაში მონაწილე მასწავლებლებს ჩაუტარდათ შვიდდღიანი ტრენინგი ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარებასა და სკოლამდელი განათლების საფეხურზე ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით;
- პილოტირებაში მონაწილეობას იღებდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 147 ბავშვი;
- პილოტირების პროცესში განხორციელებული მონიტორინგის, დაკვირვებისა და მასწავლებელთა ინტერვიუების საფუძველზე, პილოტირების დასრულების შემდეგ, ავტორებმა შესაბამისი ცვლილებები შეიტანეს პროგრამაში;
- 2013 წელს პროგრამა (მასწავლებლის წიგნი, ბავშვის სამუშაო რვეული და წიგნი) დაიბეჭდა და გავრცელდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების საბავშვო ბაღებში;
- 2013 წელს აღნიშნული პროგრამის მიხედვით დამატებით გადამზადდა 9 აღმზრდელი და 3 საბავშვო ბაღის დირექტორი.