Sun Sun

დეცენტრალიზაციის რეფორმის შედეგად სკოლამდელი განათლების სისტემა  ადგლობრივი ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადავიდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დაარსებაზე,  მისი წესდების, მართვისა და დაფინანსების პრინციპების შემუშავებაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი თვითმმართველობა გახდა.  შესაბამისად, აღნიშნული სფერო რეგულირდება საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.

კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ აყალიბებს დებულებას, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ თვითმმართველობას ექსკლუზიური უფლება აქვს დააფუძნოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო  ამტკიცებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წესდებას, რომელიც დაწესებულების მუშაობის ძირითად პრინციპებს აერთიანებს. შესაბამისად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას მართავს დირექტორი/გამგე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დამტკიცებული წესდების საფუძველზე.

რაც შეეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გამომდინარე იქიდან, რომ სკოლამდელი განათლება ზოგადი განათლების წინმსწრები ეტაპია, რომელიც დიდად განსაზღვრავს მომავალში ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებას, მის ინტელექტუალურ, ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას, მიუხედავად აღნიშნული რეფორმისა, სამინისტროს მხრიდან არაერთი ინიციატივა განხორციელდა სკოლამდელი განათლების მხარდასაჭერად. შეიქმნა მეთოდური სახელმძღვანელოები სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელთა და სპეცილისტთა დასახმარებლად, ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები, სკოლამდელი ასაკის ბავშვის შეფასების ფორმა,  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მართვის გზამკვლევი და ა.შ. შემუშავდა საბავშვო ბაღის აღმზრდელთა გადამზადების პროგრამა და შესაბამისად, გადამზადდა არაერთი მუნიციპალიტეტის აღმზრდელი.

2013 წლის დასაწყისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში შეიქმნა სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველო, რომლის მიზანია აღნიშნული სფეროს ხელშეწყობა, სკოლამდელი განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამოკვეთა და მათი გადაჭრის გზების ძიება. სამმართველოს ამოცანაა მუნიციპალიტეტების დახმარება სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მართვისა და ორგანიზების  საქმეში, მათი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა და საბავშვო ბაღების მუშაობის ეფექტიანობის ხელშეწყობა. სამმართველო აქტიურად თანამშრომლობს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან და სხვა სკოლამდელი განათლების საკითხებით დაინტერესებულ სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.  სამმართველო ასევე, მუშაობს სკოლამდელი განათლების პოლიტიკის საკითხების განსაზღვრაზე და ამ სფეროს განვითარებისათვის მნიშვნელოვან სხვა ასპექტებზე.

 



კონტაქტი Powered By:Innovative Systems Management